„ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება რაიმე ცვლილება” – თამარ გაბუნია

„ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება რაიმე ცვლილება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამის მიზეზად იქცა ის, რომ ტესტების მოწოდება ხელშეკრულებით გაწერილ ვადაში ვერ მოხდა.

გაბუნიამ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღნიშნიული კომპანიის სახელით ტესტები, რომელიც ნიდერლანდების წარმოებისა უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში ჩინეთის წარმოებისა აღმოჩნდა.

თამარ გაბუნიას თქმით, „ბიოზეკის“ აღნიშნულ ტესტებს თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი მისი ხარისხის შესახებ.

„ბიოზეკის“ კონკრეტული ტესტი რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში. ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. აღიარებითი რეჟიმის საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია, რომელიც ასევე იყო რეგისტრირებული ნიდერლანდებში შესაფერისი მიზნებისთვის. ტესტს თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი მისი ხარისხის შესახებ და ყველა მოთხოვნა, რომელიც ამ შემთხვევაში იყო დაყენებული, ტესტმა დააკმაყოფილა. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძიებდა ანტისხეულების ტესტებს, რადგან გარკვეული დამხმარე მნიშვნელობა ანტისხესეულების ტესტებს „კოვიდ-19“-ის დიაგნოსტიკისთვის აქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისვე თქმით, სამინისტროსთან შექმნილია რამდენიმე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელზეც მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება შესყიდვებს, თუ რა ტიპის შესყიდვა უნდა მოხდეს, რომელია მეტად გამოცდილი და აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და სხვა.

„ლაბორატორიის სამუშაო ჯგუფის მიერ და ასევე „კოვიდ-19“-ის საკოორდინაციო საბჭოს მიერ კონკრეტულად „ბიოზეკის“ და ასევე სხვა ტესტების შესყიდვის საკითხი განხილული იქნა 22 აპრილს. იმის საფუძველზე, რა დოკუმენტაციაც ახლდა თან ტესტებს, კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყეტილება და გასცა რეკომენდაცია ამ ტესტების შესყიდვის შესახებ.

შედგა ხელშეკრულება, რომელიც დათარიღებულია 24 აპრილით. მანამდე, ჩვენ მიღებული გვქონდა საჩუქრად „ბიოზეკის“ 5 000 ტესტი, რომლის გამოყენებაც დაწყებული იყო როგორც ცხელების ცენტრებში, ასევე „კოვიდის“ კლინიკებში და სამედიცინო პერსონალის ტესტირებისთვის. გარკვეული შედეგები ამ საწყისი გამოყენების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ. ასევე, მოხდა შეფასება, გადამოწმება. ანუ, როდესაც შეფასდა პაციენტის მდგომარეობა სწრაფი და „პისიარ“ ტესტით, ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგები, რაც იყო ძალიან ახლოს მის წინასწარ მონაცემებთან. ეს არ არის სტანდარტული ვალიდაციის პროცესი და მინდა, აქვე დავაზუსტო, რომ ტესტების ვალიდაციას ასე ქვეყანა არც შესყიდვამდე და არც შესყიდვის შემდეგ ამ წესით რა თქმა უნდა არ აწარმოებს. უბრალოდ, ხდება დაყრდნობა იმ სერთიფიცირებაზე და აღიარებაზე, ამერიკის სიდისის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ქვეყნების ავტორიტეტული ორგანოების მიერ, რომელთაც შეუძლიათ, გასცენ დასკვნა უკვე ტესტის შესრულების და მისი სარწმუნოების შესახებ“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, ტესტში ეჭვის შეტანის საფუძველი პრაქტიკულად არ ყოფილა.

„თუმცა, მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით გაწერილ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხდა. მოგეხსენებათ, რამდენად საჩქარო და საშურია ამ ტესტების დროული ქონა ზოგადად ქსელში და იმის გამო, რომ დათქმულ ვადაში ტესტის მიწოდება ვერ მოხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების შესახებ. დღეს, „ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ჩვენ ამ კონკრეტულ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება ამ ეტაპზე ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების გატარება. ანუ ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები