ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილზე განთავსდა

“თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდა, რადგან გზის განაპირა ნაწილზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ კვლევა ჩაატარა.

„რაც შეეხება ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლს, გამზირის შუა ნაწილში განთავსდება, რადგან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი, ავტობუსებით გადაადგილება ყველაზე კომფორტული უნდა იყოს. შესაბამისად, მათთვის სპეციალური ზოლები აუცილებელია, რათა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება. შემთხვევით არ არის, რომ ყველა პროექტზე, რომელზეც მივდივართ და ვახორციელებთ სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს, ყველგან ვითვალისწინებთ ავტობუსებისთვის შესაბამის ზოლებს. ჭავჭავაძის გამზირს რაც შეეხება, რატომ შუა ნაწილზე? ამაზე მთელი რიგი კვლევები ჩატარდა, აყვანილი გვყავდა ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც ძალიან დაგვახმარა მთელი ამ სისტემისა და სიახლის შემუშავებაში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან თუ მარჯვნივ და მარცხნივ დარჩებოდა ავტობუსის ზოლები, გზის განაპირა ნაწილს ეს პრობლემას შეუქმნიდა. პრობლემა შეექმნებოდა როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე კერძო ავტომობილებსაც, რადგან არის შესახვებები კონკრეტულ ქუჩებზე, ეს გამოიწვევდა შეზღუდვასა და შეფერხებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები