კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ – ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

  •  

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა მათი საშუალებით დაიცვან.

დაკრედიტების პროცესის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივის შესახებ უწყებამ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების საგანგებო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საფინანსო სისტემას ლიკვიდობის ჭარბი რესურსი და სათანადო ბუფერები აქვს. თუმცა, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და საჭიროა შესაბამისი რესურსის მიწოდება რათა, დაკრედიტება შეუფერხებლად და ლიკვიდურობის შემცირებული რისკის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით გაგრძელდეს“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორისთვის ლარის რესურსის მიწოდებას ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით უზრუნველყოფს.

ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტის შემთხვევაში, უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები ლიკვიდობის მიწოდების დამატებით ბუფერს წარმოადგენს.

„არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები, რაც კომერციულ ბანკს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებით და დამატებითი რისკების აღების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ლიკვიდობის მიწოდების ხელშემწყობი სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაზე.

დამატებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის პირველი მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლიათ ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა (ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი – LCR) მათი საშუალებით დაიცვან. საჭიროების შემთხვევაში, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ.

აღნიშნული ღონისძიებების საშუალებით ლარის ლიკვიდობის მართვა ბანკებისთვის უფრო მოქნილი და ეფექტური ხდება. ხოლო ლიკვიდობის შემცირებული რისკის შედეგად, ეს ცვლილებები ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მსგავსი თემები