“ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გარკვეული პირების პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, შეთანხმების დოკუმენტში ყველაფერი ასახულია და ეს საზოგადოებამ იხილა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, სრული მობილიზაციაა მათ განსახორციელებლად. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და არჩევნების ჩატარება მოგვიწევს იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში,“ – განაცხადა კალახა კალაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს განცხადებები ოქრუაშვილის პატიმრობასთან კავშირში არ არის.

„განცხადებები, რომელიც გაკეთდა აშშ-ს საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის. თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომ ზოგადად, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა მათ მაშინვე მკაფიოდ მიიღეს უარი იმიტომ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უკანონობას არავინ ჩაიდენს. თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასთვის ცხადი და ცნობილია. ყველას შეუძლია ნახოს. სანამ ეს შეთანხმება შედგებოდა, გვახსოვს უგულავას განცხადება, რომ მათი გათავისუფლების საგანი არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული. ამას შემდეგ გამოეხმაურა მთელი რიგი ოპოზიციონერი დეპუტატებისა, ამ განცხადებების ფაქტები არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები