“ქვემო ქართლში ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს” – შოთა რეხვიაშვილი

თეთრიწყაროში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

ისინი ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნებიან. სამივე მათგანი საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, მყისიერად მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო და ქვემო ქართლში ინფექციის უკონტროლოდ გავრცელება აღარ არის.

„თეთრიწყაროში არის სამი დადასტურებული ფაქტი. ესენი არიან საკარანტინო სივრცეებში მყოფი ადამიანები. დროული რეაგირების გამო, როდესაც თეთრიწყაროში დავინახეთ, რომ გავრცელება იყო ფართომასშტაბიანი, 73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ჩვენ ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეებში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ ადგილზე, თეთრიწყაროში გავრცელება არ არის და ეს ერთეული შემთხვევები არის იქ, სადაც რისკი იყო უფრო მაღალი.

ეს ხალხი არიან საკარანტინო სივრცეებში. ჯამურად არის 207 დადასტურებული შემთხვევა ქვემო ქართლში და 57 გამოჯანმრთელების ფაქტი. დღეს იწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმგვარი სცენარით მოქმედება, რაც იყო მარნეულში. ჩვენ გავაკეთებთ რამდენიმე მიმღებ ცენტრს, სადაც მასიურად იქნება რისკ-ჯგუფები შემოწმებული. დავიწყებთ სოფელ მუშევანიდან. ასევე დღეს გაკეთდება კვლევები სოფელ გეტაში. ერთეული შემთხვევებია მატების და ქვემო ქართლში უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს. გამოვლენის ფაქტები შემცირებისკენ მიდის“, – შოთა რეხვიაშვილი.

მსგავსი თემები