“უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ” – ირაკლი სესიაშვილი

“როდესაც უკრაინელ მეგობრებს რჩევას ვაძლევდით და ამ პოზიციას ვაფიქსირებდით, თავისთავად ცხადია, ჩვენი ეს შეშფოთება იყო აბსოლუტურად ლოგიკური, ვინაიდან, როცა გინდა მეგობარს დაეხმარო, მას უნდა უთხრა სიმართლე და ასეც მოვიქეცით. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა წლების განმავლობაში სამაგალითო პარტნიორი არიან და ორივე ქვეყანას აქვს საერთო მიზნები და სწორად აქვს გააზრებული ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. მისივე თქმით, საქართველოს ვალდებულება იყო მეგობარი ქვეყნისთვის რჩევის მიცემა ადამიანზე, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია მთელ რიგ მძიმე საქმეებში.

„თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ სურვილი, რომ სააკაშვილი რაღაც თანამდებობაზე დაენიშნათ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, მეგობარს პირში ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ, გამოტანილია განაჩენი, მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ამას რაიმე დამატებითი გამოძიება არ სჭირდება. ცხადია, ეს საერთაშორისო საზოგადოებამაც კარგად იცის. უკრაინაში სააკაშვილის ქცევა პოლიტიკური ავანტიურაა. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან მალე დაინახავს პრეზიდენტი, ადგილობრივ პოლიტიკოსებს ეს ძალიან კარგად ესმით, რადგან ზოგიერთი მათგანი მისი პარტნიორი იყო და მერე რეალური სახეც კარგად დაინახეს. თავის დროზე, როდესაც ის ქვეყანას მართავდა და ბევრი მხარს უჭერდა, ჩვენც აღმოვჩნდით ამ პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლი. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ დროულად და ერთიანად მოახდინა რეაგირება და 2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა. იმედი მაქვს, უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინა სააკაშვილის „პროვოკაციულ ქმედებებს“ მალე დაინახავს.

„რა მავნებლობა საქართველოსთვის ჩაიდინა, ის წარსული ნამდვილად ვერ დაბრუნდება. ამის გარანტორი ჩვენი ხალხი და საზოგადოებაა. სავარაუდოდ, უკრაინას აქვს კიდევ ის განსაცდელი, რომ ამ კაცის პროვოკაციულ ქმედებებს უცქიროს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი თემები