ოპოზიციის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს  გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას დაუჭერს

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანება და ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ ხერხდება. ოპოზიციის ნაწილი საკუთარ სიმპათიებს ღიად აფიქსირებს და საკუთარ კანდიდატსაც ასახელებს. „ახალი მემარჯვენეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას დაუჭერენ.

„დემოკრატიულ მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძეზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის თქმით: „პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოიაზრება.  ჯერ პარტიას სხვა კანდიდატი არ ჰყავთ, თუმცა, ოპოზიციურ პარტიებთან აღნიშნულზე კონსულტაციები არ უწარმოებიათ.“

მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერას „ახალი მემარჯვენეებიც“ ადასტურებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განიხილავს: „მიგვაჩნია, რომ კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული. საქართველოში სამწუხაროდ, პრაიმერი, ერთიან პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება არ გამოდის და არც გამოსულა არასდროს. კანდიდატი, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, იქნება ბევრად უფრო მისაღები. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად განიხილება გიორგი მარგველაშვილი.“

მსგავსი თემები