ვაქცინირებული პირუტყვის რძე და ხორცი ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ უნდა გამოიყენებოდეს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსულ-ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ აცრა მიმდინარეობს. ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჟამად 150 000-ზე მეტ მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა აჭარაში, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში.

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ.​

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებულ პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით, შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით გადაცემა.​ ადამიანი ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება!​

მათივე ინფორმაციით, ​ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა.

“დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებები. რადგან დაავადება ძირითადად მწერების საშუალებით ვრცელდება, მისი პრევენციისათვის საკმაოდ ეფექტიანია მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ვეტერინარები ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებენ, ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ სპეციალისტებთან, რადგან პრევენციული ღონისძიებების (ცხოველების დამუშავება მწერების საწინააღმდეგოდ და ვაქცინაცია) დროულად ჩატარებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა.

მსგავსი თემები