კორონავირუსის დამარცხებამდე, ჩინეთი ვირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე უარს ამბობს

ჩინეთის ხელისუფლება ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მანამ არ დაუშვებს, სანამ ვირუსი საბოლოოდ არ დამარცხდება. ამის შესახებ გაეროში ჩინეთის ელჩმა, ჩენ სუმ განაცხადა.

„ამჟამად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაზე ფოკუსირებაა. ჩინეთს გამოძიებაზე ან შეფასებაზე ალერგია არ აქვს. რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, თუ როდის და როგორ შედგება ეს, ამისთვის საჭიროა, რომ სათანადო ატმოსფერო სუფევდეს“, – განაცხადა გაეროში ჩინეთის წარმომადგენელმა.

1-ელ მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ორგანიზაციის ექსპერტები ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებასთან დაუშვას.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ჩინეთის ხელისუფლების მოწვევით კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ტარიკ იაზარევიჩმა.

მსგავსი თემები