“44 პაციენტი მკურნალობს, მათგან რამდენიმეს პნევმონია აღენიშნება” – რესპუბლიკური საავადმყოფო

ახალი პაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს, უკვე დადასტურებული დიაგნოზით სხვადასხვა კლინიკიდან და საკარანტინო ზონებიდან გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულ პაციენტებს, რამდენიმე მათგანს მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა მართვითი სუნთქვა არ ესაჭიროებათ.

კლინიკას ასევე ჰყავს ორი გამოჯანმრთელებული. კიდევ ორის შემთხვევაში კი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.

გარდა ამისა, ექიმები 15 პაციენტის შემთხვევაში იმ ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელიც დაადგენს, აქვთ თუ არა მათ „კოვიდ-19“.

„ამ ეტაპზე 67 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული, მათგან 44 არის კოვიდინფიცირებული. გუშინ დაგვემატა ცხრა ახალი ინფიცირებული პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური. 44 პაციენტიდან რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია, რამდენიმეს მდგომარეობა არის საყურადღებო, არც ერთი არ არის მართვით სუნთქვაზე.

მცირეწლოვანი გვყავს ორი, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური. დღეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას. „ცხელების ცენტრიდან“ 15 პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით, რომელიც საღამოს იქნება“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ.

მსგავსი თემები