ტესტირების გაფართოების შემდეგ ეტაპზე, ფარმაცევტებისა და სასურსათო მაღაზიების პერსონალის შემოწმება იგეგმება

“რაღაც ეტაპზე, როდესაც ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩატარდება ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ფარმაცევტების რაოდენობა დაახლოებით 8000-ს აღწევს და საპილოტე პროექტი დიდი ალბათობით აჭარაში განხორციელდება.

„ჩვენ თანდათანობით ტესტირების არეალს ვაფართოებთ, ვინაიდან შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად დაემატა გარკვეული ჯგუფები, უკვე იტესტებიან ყველა ცხელების კლინიკის თანამშრომლები, კარანტინიდან გამომსვლელი პირები, მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი მომვლელები. რაღაც ეტაპზე, როდესაც ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩატარდება ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება. საქართველოში ფარმაცევტების რაოდენობა დაახლოებით 8000-ს აღწევს და საპილოტე პროექტი დიდი ალბათობით აჭარაში განხორციელდება, სადაც კარგი ლაბორატორიული სიმძლავრეები გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ტესტირება უნდა იყოს მიზნობრივი. არ უნდა გამოგვეპაროს ქვეყანაში არც ერთი ადამიანი, რომელსაც რაიმე მიმსგავსებული კლინიკური ნიშანი აქვს. ამის საუკეთესო მაჩვენებელია სოფელ მუშევანში ჩატარებული სამუშაო. ამ სოფელში დაავადების სიმპტომები 170 ადამიანს ჰქონდა, ტესტირებისას კი კორონავირუსის 26 შემთხვევა გამოვლინდა. ესაა გამოვლენის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, დაახლოებით 15 პროცენტამდე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები