იმედია, კონკრეტული სახელმწიფო უწყება პრემიერ-მინისტრის მითითებას ამჯერად მაინც გაითვალისწინებს, სად არის კითხვებზე პასუხი?! 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრებს დავალება მისცა, საზოგადოების ყველა კითხვას უპასუხონ და მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გახსნილად იმუშაონ. ჰო და, ერთ ამბავს მოვყვები, რომელიც სწორედ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებას, კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეხება. საუბარია კითხვებზე, რომელიც ათეულობით ოჯახს, მშობელს აწუხებს და რომელზე პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

კითხვები სამინისტროს პრესსამსახურს ჯერ კიდევ 13 აპრილს გავუგზავნეთ, რომელზეც მივიღეთ პასუხი, რომ ინფორმაცია საჯაროდ უნდა გამოგვეთხოვა, თან, ამ პანდემიის დროს.

კი ბატონო, გავითვალისწინეთ რჩევა და კითხვები იმავე დღეს სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე გავგზავნეთ. ამ უკანასკნელისგან კი კითხვები უკან დაგვიბრუნდა და გვითხრეს, რომ ის საჯარო ინფორმაციის ბიუროსთვის გაგვეგზავნა.

კი ბატონო, აქაც გავგზავნეთ, თუმცა, ამჯერადაც „დაგვბრაკეს“ იმ მიზეზით, რომ კითხვებს ხელმოწერა აკლდა.

კი ბატონო, ამოვბეჭდეთ კითხვები, ხელი მოვაწერეთ, დავასკანერეთ და გადავგზავნეთ. დღეს 5 მაისია და გეკითხებით, სად არის პასუხი?

კითხვები კი ისევ და ისევ კერძო სკოლებს შეეხება, კერძოდ იმ სკოლებს, რომლებიც პანდემიისა და დაზოგილი რესურსების მიუხედავად, მშობლებს სწავლის სრულ საფასურს ახდევინებენ და უფრო მეტიც, მშობლებს სასწრაფო წესით, მაისის თვეში მომავალი წლის სწავლის საფასურის გადახდას სთხოვენ იმ ფონზე, როცა არავინ იცის „კოვიდ ინფექცია“ რას იზამს და როდის რა ფორმატით განახლდება სასწავლო პროცესი.                 

იმედია, კონკრეტული სახელმწიფო უწყება პრემიერ-მინისტრის მითითებას მაინც გაითვალისწინებს და ათეულობით მშობლის კითხვას ისე უპასუხებს, რომ სათითაოდ ყველას არ მოსთხოვე იმ პროცედურების გავლას, რაც ჩვენ, ერთმა მედიაორგანიზაციამ გავიარეთ და პასუხს მაინც ვერ ვღებულობთ.    

მსგავსი თემები