“როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ” – მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მოწოდებას, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს საქმიანობა.

მდინარაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული, თუმცა მანამდე, როცა მსგავსი პრობლემა არ არსებობდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დილეტანტიზმს, რომ არ იციან, საგანგებო მდგომარეობის არსი ან იმას ნიშნავს, რომ მორიგ ჯერზე სპეკულირებენ იქედან გამომდინარე, რომ მათი ვორდინგი არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. ეს მაშინ ხდება, როცა კარგად იციან, რომ სამი ძირითადი მიმართულებაა პრიორიტეტული – კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც არათუ კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, არამედ უშუალოდ არის კრიზისი მენეჯმენტში ჩართული.

ჯანდაცვის მიმართულებით ჯანდაცვის კომიტეტი არათუ კონტროლს ახორციელებს, არამედ კლინიკებსაც კი, ამოწმებს. ეკონომიკური მიმართულებით სპეციალური საბჭო არსებობს, სადაც პარლამენტის რვა წევრია წარმოდგენილი ლიდერშიფის და არ არსებობს არც ერთი მიმართულება, სადაც არ არიან ჩართულები კომიტეტის წევრები. მაჟორიტარები ჩართულები არიან ადგილობრივ მუშაობაში, უშუალოდ ახორციელებენ ურთიერთობას მოსახლეობასთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპში და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ ვითარებაში, როცა საგანგებო მდგომარეობა არ იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანომ საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, დაუყოვნებლივ დაიწყოს.

მსგავსი თემები