“15-20 წუთით შემოდიოდნენ და მერე მათ ვეღარ ვხედავდით და ძალიან მალე საერთოდ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ” – რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიცია მხოლოდ პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუს დადგმაზეა ორიენტირებული და სწორედ „ეს დააკლდათ“ ამ პერიოდში, დეპუტატი პანდემიამდე არსებულ პერიოდსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია სესიებს საერთოდ არ ესწრებოდა.

„პარლამენტი ჩართულია კრიზისების მართვის, ჯანდაცვის მხრივ, განსაკუთრებით გამოვყოფ საგარეო და ეკონომიკურ გუნდს, უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და როცა ამ მხრივ კრიტიკა გვესმის იმ გუნდისგან, რომელიც მაშინაც კი როცა ძალიან აქტიური იყო მუშაობა პარლამენტში, საქმის კეთებას ბოიკოტს უცხადებდნენ და არ იღებდნენ მონაწილეობას საკომიტეტო, სასესიო განხილვებში და მხოლოდ დესტრუქციაზე იყვნენ გადასულები, მათგან ამ მხრივ კრიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა ჩემი აზრით. ასე რომ, მათ მოვუწოდებ, კარგად გაეცნონ რას ნიშნავს საგანგებო მდგომაროება, ასევე გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს სახელისუფლებო შტოების და მათ შორის პარლამენტის საქმიანობაზე, მაგრამ ცხადია, მათ ეს არ აინტერესებთ, რადგან ისინი პოპულიზმზე, სპეკულაციებზე და შოუებზე არიან ორიენტირებულნი და ეს დააკლდათ, რადგან მხოლოდ ამაში მონაწილეობდნენ, როცა ესწრებოდნენ კომიტეტებს. 15-20 წუთით შემოდიოდნენ და მერე მათ ვეღარ ვხედავდით და ძალიან მალე საერთოდ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ,“- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი თემები