დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს  6 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს მუშაობის 6 წლიანი ანგარიში წარუდგინა.  დეპუტატმა  ისაუბრა როგორც ქვეყნის ძირითად  მიღწევებზე, წარმატებებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე, ისე  ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე.

კულტურის სახლი, სპორტული კომპლექსი და აუზი, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები, მცხეთის მუზეუმი, ხიდები, გზები, სპორტული და დასასვენებელი მოედნები, მარცვლის გადამამუშავებელი ფაბრიკა, ახალი და რეაბილიტირებული სკოლები და ბაღები,  ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა და ასევე აღნიშნა, რომ 6 წლის მანძილზე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში მხოლოდ საბიუჯეტო პროექტებით  815 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მცხეთა მთიანეთის მხარეში დაფინანსდა 37 911 შემთხვევა და  დაიხარჯა 19 128 004 ლარი; პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში  –  2014 წლის განმავლობაში აშენდა  82  სოფლის ამბულატორია; 2014-2015 წლებში განხორციელდა საქართველოს რიგ მაღალმთიან რაიონებში მოქმედი  9  სამედიცინო ცენტრის  გამოსყიდვა“ – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება სოფლის ექიმებს, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით,  სოფლის ექიმების ნაკლებობა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაფართოება/გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

დეპუტატმა ნარკომანიის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 49 000 ინექციური ნარკომანი  ფიქსირდება, რაც ჩვენთვის დიდი პრობლემაა. ამ მიმართულებით ხუნდაძემ მთავარი პრობლემებიც დაასახელა:

  • ბოლო პერიოდში დაიწია ნარკომომხმარებელთა ასაკმა
  • ნარკოტიკული საშუალებების მიღების მიზნით 3-ჯერ გაიზარდა   საქართველო-თურქეთის  საზღვრის გადაკვეთის ფაქტები;
  • გაიზარდა „კლუბური ნარკოტიკების“ მოხმარება

რაც შეეხება გეგმას, დეპუტატის თქმით, საჭიროა:

  • ნარკოვითარების უწყვეტი ზედამხედველობა;
  • მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა და დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ;
  • ადეკვეტური ნარკოპოლოტიკის შემუშავება, რომელიც ნარკომომხმარებელთა რაოდენობას კი არ გაზრდის, პირიქით – შეამცირებს.

დიმიტრი ხუნდაძემ ტურიზმის კუთხითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2018 წ იანვარ-აპრილში საქართველოს 5,392,303 ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი ტურიზმიდან შემოსული თანხა 3 მილიარდი ლარი იქნება.

დეპუტატმა ამ მხრივ არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში  პრობლემად რჩება მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს. მისივე თქმით, სასწრაფოდ შესამუშავებელია გენგეგმა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დღემდე ვერ მოხერხდა.

რაც შეეხეbა  რეგიონალურ და ინფრასტრუქტურული განვითარებას, დეპუტატის ანგარიშით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში 3 მილიარდ 140 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. „არსებული საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა პრობლემის ერთიანად მოგვარება შეუძლებელია. ჯერ კიდევ არსებობს სოფლები სადაც მოსაწესრიგებელია გზები, წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი“ – აცხადებს ხუნდაძე.

დასაქმებასა და უმუშევრობას რაც შეეხება,  დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  დასაქმება ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და ოჯახები იძულებულები არიან, სამუშაოდ უცხოეთში წავიდნენ.

დეპუტატმა ყურადღება განათლებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ  2012 წელთან შედარებით 41 %- ით გაიზარდა უმაღლესი განათლების დაფინანსება; 82 %-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევის დაფინანსება და  83 %-ით გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება.

დეპუტატმა დემოგრაფიული პოლიტიკაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ კომიტეტის ინიციატივით  მიღებულია საქართველოს დემოგრაფიული  უსაფრთხოების კონცეფცია; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მათთვის პროგრამების შემუშავება  და საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ამავდროულად გაეროს მოსახლეობის ფონდის საგანგაშო  პროგნოზზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის – საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.

„33%-ით იზრდება – აზერბაიჯანის მოსახლეობა; 7%-ით იზრდება – სომხეთის მოსახლეობა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28%-ით  მცირდება, რაც  1 170 000 ადამიანს შეადგენს“- აღნიშნა ხუნდაძემ.

მცხეთის კულტურის სახლში დეპუტატის ანგარიშს როგორც როგორც ქალაქ მცხეთის, ისე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

ადგილობრივების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაზე, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მარიამ ჯაში, დავით მათიკაშვილი, ირკალი ტრიპოლსკი, შოთა ხაბარელი, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური. ასევე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მერი გოგიტა კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

არჩილ თანაკვაძის შეფასებით, მცხეთაში განხორციელებული  მასშტაბური პროექტები ნამდვილად თვალშისაცემია. „ვისურვებდი, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში იმის მესამედი გაკეთებულიყო, რასაც დიმიტრი ხუნდაძე მცხეთაში აკეთებს.  ნამდვილად სასიხარულოა ის პროექტები, რაც, დიმიტრი ხუნდაძემ დაასახელა. ასევე, ამ ჩამონათვალში  მნიშვნელოვანია კერძო ინვესტიციები. დეპუტატმა ასევე ამაყად ისაუბრა სამუშაო ადგილებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. დიახაც, ეს ასე უნდა იყოს და მომავალში ჩვენი წარმატების ინდიკატორი კიდევ უფრო მეტად უნდა გახდეს ის, თუ რა ხდება საჯარო სექტორში; ის, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდება კერძო ინვესტიციების საშუალებით,  ვინაიდან, მცირე მთავრობის კონცეფცია  სწორედ ბიუროკრატიული დანახარჯის შემცირებას,  თვენი გადასახადებიდან ბიუროკრატიაზე  ნაკლებ ხარჯს ნიშნავს. უფრო მეტი რესურსი კი იმ პროექტებს უნდა მოხმარდეს, რისი გაკეთებაც თქვენი, მოსახლეობის სურვილია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მსგავსი თემები