გერმანია სირიაში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერთვება

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე თქმით, დასავლეთი ერთობლივი ძალებით უნდა მოქმედებდეს აღმოსავლეთ დუმაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე რეაგირების საკითხში.
7 აპრილს ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ პასუხისმგებლობა აღნიშნულზე ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო უარყოფს ამგვარ ბრალდებებს. 9 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა კი განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

მსგავსი თემები