4 მაისის მონაცემებით სამშობლოში 9,486 მოქალაქე დაბრუნდა

მიმდინარე წლის 4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უცხოეთში ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,646 მოქალაქეს, ხოლო მთავრობის ხელშეწყობით  სამშობლოში დაბრუნდა 9,486 მოქალაქე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

2020 წლის 4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9,486 მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი 9; მაისი – ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან დაბრუნდებიან.

მსგავსი თემები