“ნატო-ს სურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით, შავი ზღვის კონტექსტში” – ჯეიმს აპატურია

ნატო  ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მოგეხსენებათ, საქართველო არის ნატო-ს არაწევრი იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებთანაც მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველოსთან ეს თანამშრომლობა ნამდვილად საუკეთესო და სამაგალითოა და ჩვენ მისი გაღრმავება გვსურს. მეორე მიზეზი არის ის, რაც ყველამ ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია გაუარესდა. ეს სიტუაცია გაუარესდა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს წევრებისთვისაც. ამის მიზეზი არის რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, უკრაინაში და ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსეთმა ყირიმი გამოიყენა შავ ზღვაში სამხედრო ძალის გასაზრდელად. ეს ახდენს გავლენას როგორც ჩვენზე, ისე საქართველოზე და უკრაინაზეც“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ნატო-ს სურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით, შავი ზღვის კონტექსტში.

„აქედან გამომდინარე ვაპირებთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ჩავრთავთ საქართველოს უფრო მეტ აქტივობაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „ჰიბრიდულ თავდაცვას“. საუბარი მაქვს იმ ხერხებისა და საშუალებებისგან თავდაცვაზე, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, როდესაც მაგალითად, საქმე ეხება კიბერთავდასხმებს ან დეზინფორმაციას, ენერგეტიკულ ბლოკადას, შენიღბულ სადაზვერვო ან სამხედრო აქტივობას. ყველა ამ ხერხს ჩვენ განვიხილავთ ერთი პაკეტის ნაწილად, რადგან ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან და საქართველოსთან ამ საკითხებზე. ჩვენ განვამტკიცებთ თანამშრომლობას, რათა დავიცვათ თავი ასეთი საფრთხეებისგან“, – აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, მეორე საკითხია, რომ საქართველოს ჰქონდეს სამეზობლო საჰაერო სივრცის უკეთესი, გაუმჯობესებული სურათი.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელშიც საქართველოს ჩართვა გვსურს. ეს არის „საჰარეო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა“, რომლის საშუალებითაც საქართველო უკეთესად აღიქვამს, რა ხდება მის საჰაერო სივრცეში. ახალი პაკეტის კიდევ ერთი კომპონენტი არის, ქართველებისა და უკრაინელების უფრო მეტი ჩართულობა ერთობლივ სწავლებებში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“ და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ ძალიან კარგად მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ იქ მეტ უკრაინელს ვიხილავთ. და ბოლოს, ჩვენი მოკავშირეები, ნატო-ს წევრები განიხილავენ საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას სამხედრო სწავლებებში. მათ შორის, რეგიონში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გაწერილი ოთხი მკაფიო ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო მეტად ჩაერთოს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ კვირას, 3 მაისს, „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

მსგავსი თემები