ჩვენ გვჭირდება განვითარების ეკონომიკა და არა გადარჩენის – გიორგი ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გიორგი ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანას დღეს სჭირდება განვითარების ეკონომიკა და არა გადარჩენის. ამ თვალსაზრისით სახელმწიფომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და გატარდეს რეფორმები ეკონომიკის სფეროში.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ჟორჟოლიანმა დღეს განაცხადა,
საჭიროა ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმირება, კერძოდ, წარმოებამ, გადამამუშავებელმა მრეწველობამ,  ინდუსტრიამ უნდა დაიკავოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი სამთავრობო პოლიტიკაში. მთავრობამ უნდა გამონახოს სახსრები იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განახორციელოს სამთავრობო ინვესტიციები.

“თუ ეს ცვლილებები არ განვახორციელეთ, ცოტათი უკეთ და ცოტათი უარესად ჩვენს ეკონომიკას არ უშველის. მით უმეტეს, ჩამოკიდებულები ვართ გადარჩენის ეკონომიკაზე. ჩვენ კი გვჭირდება განვითარების ეკონომიკა”, – აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება საკითხს, განიხილება თუ არა ​ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი მანაგაძისა და დავით ამაღლობელის კანდიდატურა, ხოლო ეკონომიკის მინისტრად გიორგი ქობულია, გიორგი ჟორჟოლიანის თქმით, იგი არ ესწრებოდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გუშინდელ შეხვედრას და შესაბამისად ეს კანდიდატები მისთვის სიახლეა.

“რაზეც ახლა საუბრობენ ეს გადახალისების ამბავი არ არის. ეს არის ვაკანტური ადგილები. შემიძლია ერთი რამ გითხრათ – მთლიანად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს, ოღონდ, ეს ცვლილებები გულისხმობს რადიკალურ და საფუძვლიან ცვლილებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ადგას. ეს გზა უნდა შეიცვალოს. ​პერსონებით ვერ განვსაზღვრავთ რას მოიტანს ეკონომიკური გუნდის ცვლილება. ჯერჯერობით, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რასაც ბახტაძე ამბობს – ეს არის გარკვეული პოლიტიკა საბანკო სფეროში, რეგულაციები და გარკვეული პოლიტიკა მცირე ბიზნესთან მიმართებაში და ჩვენ ამ პოლიტიკას ვიზიარებთ, თუმცა, აბსოლუტურად არასაკმარისად მიგვაჩნია”, – აცხადებს დეპუტატი.

 

მსგავსი თემები