რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 67 პირიდან 47 კორონავირუსით ინფიცირებულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება, მათგან 47 დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.

პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია.

„მართვით სუნთქვაზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, თუმცა არის სერიოზული პნევმონიით მიმდინარე პროცესების მქონე რამდენიმე პაციენტი, მათ განსაკუთრებული ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, გუშინ კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.

„დღეს ველოდებით ერთი პაციენტის განმეორებითი ტესტირების პასუხს. თუ ნეგატიური პასუხი იქნება, ისიც დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა გოფოძემ.

გოფოძე ამბობს, რომ გუშინ ორი ახალი პაციენტი მიიღეს, თუმცა უკვე დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.

„ისინი სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. თუ არ მეშლება, თეთრიწყაროდან არიან გადმოყვანილი“, – განაცხადა გოფოძემ.

ლევან გოფოძის განმარტებით, კლინიკაში ყოველდღიურად დაახლოებით, 50 „პისიარ“ ტესტირება ტარდება.

„გუშინ ჩვენთან გაკეთდა 12 პაციენტის პირველადი კვლევა. ამასთან, გაკეთდა რამდენიმე განმეორებითი ტესტირების რეჟიმში კვლევა, თანამშრომლების გამოკვლევა და ასევე გვაქვს გამოკვლევები ჩატარებული საკარანტინო ზონებში. ველოდებით მათ პასუხს. ჩვენთან ყოველდღიურად დაახლოებით, 45-50 „პისიარ“ ტესტირება კეთდება“, – განაცხადა გოფოძემ.

მსგავსი თემები