“საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2021 წელს დაუახლოვდება” – კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2021 წელს დაუახლოვდება.

„გარკვეულ პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნდება და ეს იქნება 2-ჯერ მეტი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ მოგეხსენებათ, პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვები კომპანიებს ხარჯებს უზრდით და შეუძლებელია ხარჯების ზრდა არ იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა შემცირდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2021 წელს მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. არ არსებობს არანაირი გამოსავალი ამ სიტუაციიდან და ვერცერთი ცენტრალური ბანკი ასეთ გამოსავალს ვერ ნახავს“, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

როგორც სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, თუ გვინდა, რომ ინფლაცია ძალიან მალე, ერთ ან ორ თვეში დავუბრუნოთ მიზნობრივ მაჩვენებელს, ამისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ძალიან მაღალი ზრდა იქნება საჭირო, მაგრამ ეს არანაირად არ იქნება ოპტიმალური გამოსავალი და შედეგად ეკონომიკა ძალიან ბევრს დაკარგავს.

„ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება და ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს. სამწუხაროდ, ამ წელს კიდევ ერთი შოკი მივიღეთ, თუ ჩავშლით ეს არაა ერთი შოკი, ეს თავისი ბუნებით ერთმანეთთან გადაჯაჭვული სამი შოკია. პირველია პანდემია, მეორე ტურისტული ნაკადების სრულად შეწყვეტა და მესამე – ნავთობის ფასების ვარდნა. იმის ფონზე, რომ თითქმის გამოსული ვიყავით გასულ წელს მიღებული შოკისგან, ახლა ახალი შოკები დაიწყო. ასეთ სიტუაციაში არ არსებობს ეროვნული ბანკი, რომელიც შეძლებს, რომ ერთ ან ორ თვეში სიტუაცია დაარეგულიროს, მაგრამ სწორი ნაბიჯებით და მონეტარული პოლიტიკის სწორი რეაგირებით, ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება“, – აღნიშნავს გვენეტაძე.

მსგავსი თემები