საქართველოში პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება – მთავრობის ახალი ინიციატივა

მთავრობა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც საქართველოში პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გაქვს შემდეგი მიდგომა – პენსიების წლის დასაწყისში დაანონსებული მატება,  2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა პენსიონერისთვის უკვე შემდგარი ფაქტია; ასევე შემდგომი მატება 70 წელს გადაცილებული პენსიონერისთვის 30 ლარის ოდენობით პირველი ივლისიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი განიცდის საკმაოდ დიდ გამოწვევებს, არათუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე, არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში ეს მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. გარდა ამისა, არის ინდექსაციის ნაწილი – წესი, როგორ უნდა გაიზარდოს პენსიები საქართველოში სამომავლოდ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, რა ოდენობით გაიზრდება პენსია, ეს დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, საუბარია სულ მცირე, 20-25 ლარზე.

„ეს წესი შემდეგია: 70 წლამდე პენსიონერებისთვის სულ მცირე, უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წლის ზემოთ ინფლაციისა და პლიუს ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის გათვალისწინებით, თუმცა ასევ გვაქვს მინიმუმი დაწესებული აბსოლუტურ გამოსახულებაში, ეს არის 70 წლამდე პენსიონერებისთვის სულ მცირე, 20 ლარი, ხოლო 70 წელზე ზემოთ – სულ მცირე, 25 ლარი. თუ წინა კრიტერიუმები ამ მაჩვენებელს, 20-25 ლარს გადააჭარბებს, მაშინ ის არის ძალაში, თუ არა, გარანტირებულად 20-25 ლარით გაიზრდება პენსიები“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები