„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე პარლამენტში იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს,„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო. სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაიწერება ყველა ის მიმართულება და საკითხი, რაც კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციისთვისაა აუცილებელი. მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სოციალური მუშაკების სერტიფიცირებასთან და მათ რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.

“ჩვენი ამბიცია კანონის მიღებით არ შემოიფარგლება, მნიშვნელოვანია მისი სრულფასოვანი ამოქმედება. იმისთვის, რომ კანონი იყოს წარმატებული აუცილებელია აღსრულების ეფექტური და რეალისტური მექანიზმები გააჩნდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, აღსრულების მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელშიც აისახება  დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სხვადასხვა აქტივობა და განისაზღვრება პასუხისმგებელი უწყებები.

​კომიტეტმა კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის პროექტი სამუშაო ჯგუფის ფორმატში უკვე განიხილა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, გამოითქვა რეკომენდაციები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროების, სამოქალაქო სექტორის, პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები