“დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იკადრებს, გააყალბოს ციფრები ან ადამიანებს დაბალი ხარისხით მოემსახუროს” – ამირან გამყრელიძე

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის მაღალი დონის დაწესებულება, არ იკადრებს არც ერთი ციფრის არც გაყალბებას და არც იმას, რომ ადამიანებს მოემსახუროს დაბალი ხარისხით, ეს არის ჩვენი სტანდარტი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია, რამდენიმეჯერ არის აკრედიტებული.

„ტესტები გვაქვს გერმანული, ყველაზე კარგი წარმოების. პირველი ეს წარმოება, საუკეთესო პრაიმერები „შარიტემ“ გააკეთა. „შარიტე“ არის ევროპაში ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი. ასევე გაგიგიათ დროსტენი, იმ ინსტიტუტის ტესტებია ქვეყანაში, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა პირველივე ეტაპზე მოგვაწოდა სრულიად უსასყიდლოდ და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე, მისი თქმით, საქართველოს აქვს სამხრეთ კორეული ტესტები, სამხრეთ კორეა კი, სხვადასხვა ტიპის ტესტის წარმოებაში ძალიან წარმატებული ქვეყანაა.

„გვაქვს სამხრეთ კორეის ტესტები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და იცით, სამხრეთ კორეა ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა სხვადასხვა ტიპის ტესტის წარმოებაში. გვაქვს ბრიტანული, ამერიკის დაავადებათა ცენტრის ტესტები, გვაქვს ჯანმო-ს მიერ მოწოდებული ტესტები, გვაქვს ჩინეთის მიერ მოწოდებული ტესტები. ჩინეთში არის დაახლოებით 30-40-მდე ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ტესტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში არის 9000-მდე ტესტის მარაგი.

„ამ წუთისთვის მარაგში არის 9000-მდე ტესტი, დილისთვის  ეს რაოდენობა 21 000-მდე ავა. ხვალ ღამით, როცა ჩინეთის ჩარტერი ჩამოვა, ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება. შემდეგ, მაისის დასაწყისამდე არის 100 000 ტესტის გარანტიაა და უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ ივნისშიც, მაისსა და ივნისშიც ეს თამასა დავიჭიროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები