“საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს” – ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.

ავსტრიის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით მსგავსი მიდგომები აქვთ.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით ძალიან მსგავსი მიდგომები აქვს. ავსტრიაში ახლა, ნელ-ნელა იწყება შეზღუდვების მოხსნა, როგორც თქვენი მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია საქართველოშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა გამოვდივართ კრიზისიდან და ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად ვაახლებთ სწავლას სკოლებში, ვხსნით რესტორნებსა და სასტუმროებს. როგორც ვხედავ, საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენმა ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია. რაც შეეხება ტესტებს, ჩვენც საქართველოს მსგავსად უპირატესობას ვანიჭებთ PCR ტესტირებას, უკვე მალე დავიწყებთ ანტისხეულებზე ტესტირებასაც. მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა”, – განაცხადა ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი ეპიდემიის კონტროლის კუთხით.

„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ გამოწვევაზე, რაც კოვიდ ინფექციის გავრცელებას შეეხება მსოფლიოს მასშტაბით. რაც გამოიკვეთა, არის რომ ავსტრია, როგორც საქართველო მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ისინი იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს და ახლა გეგმავენ უკვე ანტისხეულების ტესტირებას, იმას რასაც საქართველო დღესდღეობით უკვე აკეთებს. მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის მოძრაობის აღდგენა და მათთვისაც, ისევე როგორც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პარტნიორებად დარჩებიან ის ქვეყნები, რომლებიც იქნებიან კოვიდისგან თავისუფალი, ვინაიდან ორივე სახელმწიფოსთვის უპირატესია საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას იმ ქვეყნებში, სადაც არ იქნება კოვიდ ინფექციის რისკი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები