ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ

ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია განმარტავს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც დახმარების მიღმა აღმოჩნდება.  

„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება არ იქნება სამწუხაროდ საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაშ თუ ადამიანი მძღოლად მუშაობდა, ან ტაქსის მძღოლი იყო, საკმარისია ლიცენზია ან ნებისმიერი სხვა დაწესებულებიდან აღებული ცნობა, თუ ის მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წევრის ცნობა არ იქნება საკმარისი, რომ მან დახმარება მიიღოს“ – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია მთავრობის მიერ წარმოდენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები კი ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას.  

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები