“ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა – 7,988” – საგარეო უწყება

“საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, 2020 წლის 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,988 მოქალაქე.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები