შეუქმნა თუ არა “კორონავირუსმა” საფრთხე შიდა ქართლში მოსავალს – აგრონომის განმარტება „მედიაცენტრ მთავართან“

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო ვაშლის რეალიცაზიაა. მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც მცირე სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და მეხილეობას აწარმოებენ შიშობენ, რომ დაგვიანებულმა მოწამვლითმა სამუშაოებმა შესაძლოა უმოსავლოდ დატოვოს შიდა ქართლი.

„კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის გამო, დაგვიანდა ხეხილის შეწამვლა და სხვა სასოფლო – სამეურნეო სამუშაოები. მოსავალი თუ არ მოვიდა შიდა ქართლის სოფლებს შიმშილი ემუქრება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ სწორედ ვაშლის რეალიზაციით ცხოვრობს. ისეთ დროს შეგვეძლო ბაღებამდე მისვლა – დილის 6 საათიდან დილის 9 საათამდე, როცა პესტიციდების მაღაზიები დაკეტილი იყო. ბაღები უმეტესობას მოშორებით გვაქვს და დამხმარეების მიყვანაც და ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.“ – ამბობს გორის რაიონის სოფელ კოშკის მაცხოვრებელი ნოდარ სიმონიშვილი „მედიაცენტრ მთავართან.“

სპეციალისტების თვლიან, რომ ხეხილის მოსავალს პანდემიის გამო შექმნილი შეფერხებების მიუხედავად საფრთხე არ ემუქრება.

„ ახლა მიმდინარეობს მოწამვლითი სამუშაოები, ვწამლით ჩვეულებრივ არანაირი პრობლემა არ იქნება. ხალხი ინფორმირებული იყო კარანტინის შესახებ, ამიტომ უმეტესობამ მოიმარაგა პესტიციდები, საგულისხმოა, რომ შიდა ქართლის სოფლებისთვის ვაშლის მოსავალი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამიტომ აქცენტები ამ კუთხით ყოველთვის კეთდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კარანტინის დროს ისეთი ამინდები დაემთხვა გლეხი მაინც ვერ ახერხებდა ხშირად ბაღებში შესვლას, ამ ეტაპზე კი დაწყებულია წამლობა და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობას, ასევე ჩითილების გამოყვანა, ესაა  პომიდორი, წიწაკა, დაითესება ასევე სიმინდი.“ – განაცხადა აგრონომ – სპეციალისტმა ავთანდილ ჯავახიშვილმა „მდეიაცენტრ მთავართან.”

საგულისხმოა, რომ სოფლის მეორნეობაზე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის მინისტრმაც, ნათია თურნავას ინფორმაციით დარგი დაიტვირთება სუბსიდიებით.

„სოფლის მეურნეობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი პოსტკრიზისული გეგმისა, რადგან სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და პროდუქციის გადამუშავებას დაეფუძნება ჩვენი სამომავლო საინვესტიციო გარემო, სამომავლო ეკონომიკა. ბევრი ქვეყანა დაიწყებს ახლა საკუთარი რესურსის განვითარებას და საქართველოსთვის პირველ რიგში ეს არის სოფლის მეურნეობა, კვების ინდუსტრია და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრი განმარტავს, ამ ეტაპამდე მისვლისა და სექტორის შენარჩუნებისთვის დღეს აღნიშნულ მიმართულებას დახმარება გაეწევა.

„ეს არის პირველ რიგში მცირე საგრანტო პროგრამა, რომელიც აქამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო თავდაპირველად 10 ათას ლარიანი გრანტები, რომლებიც შემდეგ 15 ათასამდე გაიზარდა. ახლა ვსაუბრობთ, რომ გრანტის ოდენობა 30 ათას ლარამდე გაიზრდება. ეს არის გრანტები, რომლებიც პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიცემა ძირითადად სოფლად, მაღალმთიან დასახლებებში, რეგიონებში. ჩვენ ვზრდით ამ პროგრამას და ვაოთხმაგებთ მის ბიუჯეტს. 10 მილიონი ლარი იყო აქამდე და ახლა 40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ეს არის პირველი დახმარება, რათა სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოს მცირე მეურნეობების გახსნის გზით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები