ფრთხილად, თაღლითები გატყუებენ, „კარფურში“ 100 ლარზე მინიმუმ 10 ლარს გპარავენ

შემთხვევა დღეს დილით მოხდა, სავაჭრო ცენტრ „კარფურში“ (დიღომი), სადაც ხალხი ფეხით მიდის საყიდლებზე სხვადასხვა უბნიდან. სავაჭრო ცენტრიდან სახლში დაბრუნებულმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ იმაზე მეტი თანხა აქვს გადახდილი, ვიდრე რეალურად პროდუქტები ღირს. მაგალითად, თმის საღებავი, რომელსაც ფოტოზეც ხედავთ, ღირს 4.95, გადაახდევინეს 6.50 ლარი; ჭურჭლის სარეცხ ჟელეზე, რომელსაც 3.95 ლარი აწერია და ეს ფასი დიდ ბანერზეა გამოკვეთილი, სალაროში – 5.95 ლარი გადაახდევინეს; ტანის ღრუბელი, რომელსაც ასევე დახლზე 3.95 ლარი აწერია, რეალურად მყიდველს 7.20 ლარად მიყიდეს.

ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც, სამწუხაროდ, დიდ ქსელურ მარკეტებში ჩვეული მოვლენაა. თაღლითები მყიდველებს, მით უმეტეს, ამ რთულ პირობებში დაუნდობლად ატყუებენ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოტყუებული მყიდველი სახლიდან ისევ დაბრუნდა სავაჭრო ცენტრში რომ უკვე მერამდენე ტყუილი არ შეერჩინა მათთვის.

მოტყუებული მყიდველი: „სხვა ბევრ პროდუქტთან ერთად,  რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი ვიყიდე. ამ ნივთებს იმდენად მისაღები ფასი ჰქონდა, რომ თვალით დამამახსოვრდა. სახლში მოსულმა, ქვითარს თვალი გადავავლე და ვხედავ, რომ, სწორედ ის პროდუქტები, რომელის ფასი მახსოვდა, ორმაგი ფასი მქონია გადახდილი. ჩავალაგე ყველაფერი უკან და „კარფურში“ მივრუნდი. დავიარე ყველა ნივთი რაც ვიყიდე, სათითაოდ გადავუღე ფოტოები, რა რამდენი ღირდა და ამისშემდეგ მენეჯერი მოვითხოვე. დაახლოებით 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა ძალიან კეთილგანწყობილი  მამაკაცი. სათითაოდ მივიყვანე ყველა პროდუქტთან, ვანახე რა ფასი ეწერა და რა გადამახდევინეს. მან პროდუქტები აიღო, სპეციალურ მონიტორზე შეამოწმა და დადასტურდა ბანერზე განთავსებული ფასი. ეს იყო ფაქტი, რომ მე, მყიდველი მომატყუეს. ამას თან მოჰყვა კონსულტაციები, გარკვევა, გადამოწმება, რიგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ფასის ბანერი შეცვლა, თუმცა, მოუწიათ, მოტყუებული თანხის სხვაობა უკან დაებრუნებინათ. ბოდიში არც არავის მოუხდია. მართალია, თანხა დავიბრუნე, თუმცა, ყველას გირჩევთ, გადაამოწმოთ რა ღირს და რეალურად რას გახდევინებენ“.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 97 ლარის შენაძენზე მყიდველი დაახლოებით 10 ლარამდე თანხით მოატყუეს.    

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები