საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა

“კორონა ვირუსის” გამო, შექმნილ ვითარებაში, სურსათის წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს. გრანტების გაცემა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში მიმდინარეობს.

„დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმ რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც  Covid-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ შეექმნას. სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საჭირო ცვლილებები შეიტანა პროგრამაში, რათა დავხმარებოდით ფერმერებს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვას  და პირველადი წარმოების ზრდას“, – განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყვეტ პროგრესს. 

პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორებში, ასევე თაფლისა და ღვინის წარმოების მიმართულებით. გრანტები საშუალებას აძლევს ფერმერებს, მწარმოებლებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ისეთი კაპიტალური ინვესტიციები განახორციელონ, როგორებიცაა ტრაქტორის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, ასევე, სათბურის მოწყობა. ENPARD-ის პროგრამა ინვესტიციების სრული ღირებულების 40-60%-ის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა, მთლიანობაში, 5 მილიონ ლარს აღემატება.

„ამ გამოწვევების დროს, ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად. FAO-სთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ქართველმა ფერმერებმა და მწარმოებლებმა საქმიანობის  გაგრძელება შეუფერხებლად შეძლონ. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის პანდემიის პირობებში, როცა ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადობის შენარჩუნება სჭირდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.          

როგორც FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი აცხადებს, რთული გარემოებების მიუხედავად, ფერმერთა და მწარმოებელთა დახმარების პროგრამას FAO და ევროკავშირი შეუფერხებლად გააგრძელებენ.

 „ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერების თანადგომა. გაზაფხულია და არ უნდა შეფერხდეს სასოფლო-სამეურნეო პროცესები, მიწის დამუშავება, რათა ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ დავუშვათ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE

მსგავსი თემები