სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ

იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფოსგან დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, 600 ლარიან დახმარებაც ის ოჯახებიც მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

„ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღებისა და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე. 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ოფიციალურად უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა, მაგრამ ყურადღების გარეშე არის დარჩენილი 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც მრავალშვილიანებისა და არასრულწლოვნების ყოლის პერიოდში ვეხმარებით, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დავეხმაროთ.

ასეთი არის საქართველოში 70 ათასი ოჯახი, დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე. ამასთან ერთად, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, მათ ასევე სახელმწიფო დაეხმარება 6 თვით 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 ათასი ოჯახი და ეს მოიცავს 130 ათას მოქალაქეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რამეთუ მოგეხსენებათ ეკონომიკური გამოწვევებისა და კრიზისების პერიოდში მრავალშვილიანი ოჯახები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ყველა შემთხვევას ფინანსური დახმარება სჭირდება. ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, ასევე 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ 600 ლარის დახმარებით. დღეის მდგომარეობით, დღეს საქართველოში ასეთი 40 ათასი მოქალაქე გვყავს. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები