რესპუბლიკური საავადმყოფოს 39 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.  საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა თავართქილაძის ინფორმაციით, ორი პირის გარდა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ორ პაციენტს მძიმე ფორმით გამოხატული პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვთ.

ამასთან რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კლინიკიდან დღეს გაწერენ პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს. აღნიშნული პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა შემდგომი თვიზოლაციის საკითხის მოგვარების გამო, კლინიკის გუშინვე დატოვებს ვერ შეძლო.

„ჩვენთან იყო 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი. ერთი პაციენტი სასიხარულოა, რომ გამოჯანმრთელდა. ის დღეს დატოვებს კლინიკას. იმის გამო, რომ მოსაგვარებელი იყო თვითიზოლაციის საკითხები, პრაქტიკულად დღეს დატოვებს კლინიკას. მოგეხსენებათ, ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა იყოს. ასევე, გაგზავნილია რეტესტირებაზე ერთი პაციენტის პასუხი და ველოდებით. ამ 39 დარჩენილი ინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო, სპონტანურ სუნთქვაზე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ველოდებით 13 ტესტის პასუხს სტაციონარიდან და ცხრა ტესტის პასუხს საკარანტინო ზონებიდან“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ ასევე, განმარტება გააკეთა ინფიცირების იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავდმყოფოში ასეთი პაციენტები არ ჰყავთ, თუმცა მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლებელია, ქუჩაში უსიმპტომო ადამიანები გადაადგილდებოდნენ.

„რა თქმა უნდა, ამ ვირუსს კარგად არავინ იცნობს. უსიმპტომო პაციენტების შემთხვევები დაფიქსირებულია მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც შესაძლებელია, რომ ასეთი პაციენტები იყვნენ. უსიმპტომო ინფიცირებულები არ არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში მოდის ისეთი პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები და ამის გამო უტარდება ტესტირება. ჩვენ გვყავს სტაბილური პაციენტები მინიმალური სიმპტომებით. ზოგან არის დაფიქსირებული ყელის სიმშრალე, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

მსგავსი თემები