მდინარე ნენსკრაზე დროებით პანელური ხიდი მოეწყობა ​

მესტიის მუნიციპალიტეტში, ადიდებული მდინარე ნენსრკას საშენი და ნაშალი მასალისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარეზე 50 მეტრიანი პანელური ხიდი მოეწყობა, რომელიც ჭუბერის ორივე მხარეს მანამდე დააკავშირებს ერთმანეთთან, სანამ აღდგება მდინარეზე არსებული ხიდები.

პანელური ხიდის დამონტაჟება 3-4 დღის განმავლობაში დასრულდება. ხიდი ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგანგებო სამსახურის მოთხოვნით  ჩაიტანეს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მდინარის დონემ ამ დროისთვის 1 მეტრითა 300 სმ-ით დაიკლო. დილიდან მიმდინარეობს ნაპირის გამაგრება და გაწმენდის სამუშაოები. ცდილობენ მდინარეს კალაპოტი შეუცვალონ, რათა არ შეუქმნას საფრთხე მოსახლეობას. ხეობაში 50 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს,

​​მათივე ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა, რის გამოც საჭიროა უსწრაფესი მოქმედებები.

“ყველაზე სწრაფად სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა შეძლებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას. გამომდინარე აქედან, საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა”, – აცხადებენ მესტიის მერიაში.

სტიქიის ზონაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო. თავდავის სამინისტრომ ჭუბერში 50 მეტრიანი პანელურ ხიდი და 18 ერთეული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა გამოაგზავნა.

მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები. მოსახლეობის ელექტრომომარაგება რამდენიმე დღეში აღდგება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ, ​ჭუბერის ხეობაში, ხოკრილის მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გამოიწვია მდინარე ნენსკრას კალაპოტის ჩახერგვა. დაგროვილი წყლის მასის გადმოსვლამ კი განაპირობა მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა. შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. განადგურებელია 6 საცხოვრებელი სახლი, არა ერთი დამხმარე ნაგებობა თუ ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია.

წაღებულია შიდა საავტომობილო გზები და ხიდი, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებს გარესამყაროსთან. მოსახლეობას კვლავ ვერ მიეწოდება ელექტროენერგია.

წინასწარი შეფასებებით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი თემები