„წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში პურის ფასის ზრდის წინაპირობა არ არსებობს. მინისტრმა კონკრეტულ მექანიზმებზეც ისაუბრა, რაც სახელმწიფომ სექტორს შესთავაზა.  

„პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სოციალური ფონი მძიმეა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში. ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ინდივიდუალურ საწარმოებთან. მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ფიქსირებული ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმი შევთავაზეთ სექტორს; ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ორ რამეს:

ერთი – დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში გაზრდილია მოთხოვნა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიაზე, ხორბალზე, წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა. მეტი მარაგი იქმნება იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. და მეორე – სუბსიდირება; სუბსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა , რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში იყოს დაფიქსირებული. ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი – ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ პური არ გაძვირდეს. მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, არის ენერგომატარებლები. ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება და 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის.  შესაბამისად, წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს“ – განაცხადა მინისტრმა.  

მსგავსი თემები