“საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ ჰყავთ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, ერთის კვლევა კი ახლა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 44 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 17-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„დღე-ღამის განმავლობაში 9 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, ამ 9 პაციენტიდან წყაროები 8-სთან მიმართებაში ცნობილია, მხოლოდ 1 პაციენტის წყაროს დადგენა და მოკვლევა ხდება ახლა. გამოჯანმრთელებული არის 107 პაციენტი. ამჟამად კოვიდის კლინიკებში 313 პაციენტი მკურნალობს. ჩვენც ცენტრში 46 პაციენტი წევს, აქედან 44 არის დადასტურებული. ახალი შემთხვევა ჩვენთან გუშინ არ დაფიქსირებულა, 2 პაციენტთან ჩატარდა კვლევა და ორივესთან ნეგატიური პასუხი იყო.

44 დადასტურებული პაციენტიდან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყვს, იმ ორი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, მძიმე პნევმონიაში გადავიდა მათი მდგომარეობა. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე დღეში ალბათ გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება დაგვჭირდება და შესაბამის მონაცემებსაც მოგახსენებთ. ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებული არის 53 ადამიანი. გუშინ 1 გამოჯანმრთელებული შეგვემატა, რომელიც გუშინვე გაეწერა,” – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები