სმიტების ოჯახის დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს 

​მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იმ მწყემსის დახმარებით იპოვეს, რომელიც ამერიკელების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ცხედარი დამარხული იყო.

როგორც ​ადგილობრივები აცხადებენ, ამერიკის სამი მოქალაქე მწყემსმა მოკლა. დაპირისპირება ჩანჩქერთან, მწყემსსა და ამერიკელ მამაკაცს შორის დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი, ამერიკელის ახალგაზრდა მეუღლე გახდა. მწყემსმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ მოკლა ქალი და ბოლოს 4 წლის ბავშვი. ამის შემდეგ გადამალა ცხედრები და დახმარების თხოვნით სამაშველო სამსახურში დარეკა, რომ ხეობაში იპოვა გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, მაგრამ ახლოს ვერ მიდიოდა, რადგან ცხედრის ეშინოდა.

​მოსახლეობის ინფორმაციით, ​მწყემსი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და 4 წლის ბავშვის ცხედარი მისი მითითებით იპოვეს. სამართალდამცველები ჩხრეკენ სახლებს და ეძებენ ცეცხლსასროლ იარაღს.

“ნორმალური ბავშვია, ისეთი არაფერი შეგვინიშნავს. მე მივიყვანე ჩანჩქერთანო, – ამბობს. თქვა რომ თვითონ დამარხა. თოფი ვესროლე იმიტომ, რომ დამარტყაო, ცოლი გადავურჩინე კლდეზე სურათებს იღებდაო და ამან დამარტყაო. ბავშვი ტიროდა და იმიტომ ვესროლეო,- აღიარა დანაშაული. ბავშვის ცხედარი ღამით გადაასვენეს, ალბათ, ხალხს რომ არ ენახა”, – ამბობენ ადგილობრივები.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, თავიანთ 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში 6 ივლისს გაუჩინარდნენ. ცხედრების პირველადი დათვალიერებით მათ ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი უკვე დააკავეს. საქმე შესაძლოა განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრას.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.  ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომობილიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იყო. მოგვიანებით, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტის, მამაკაცის სხედარი იპოვეს.

მსგავსი თემები