“საქართველოს მთავრობა დაეხმარება კორონავირუსისგან დაზარალებულ საზოგადოებას” – ივანე მაჭავარიანი

“საქართველოს მთავრობა  საზოგადოების წინაშე წარსდგება იმ საკომპენსაციო პაკეტით, რომლითაც უპასუხებს იმ გამოწვევებს რაც დღეს არის და დაეხმარება ვირუსისაგან დაზარალებულ ჩვენს მოსახლეობას,”- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, ვიდეოკონფერენცია გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან, რომლის დროსაც, მხარეებმა კიდევ ერთხელ, დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდის თაობაზე.

როგორც ცნობილია, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, საქართველო მიიღებს, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას. ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, რომელიც მოიცავს როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების, ისე ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, რომლის საერთო მოცულობა, ჯამში, დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარია, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის აღდგენას.

მსგავსი თემები