“მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, საგანგებო მდგომარეობის საკითხებზე მხოლოდ 144-ს დაუკავშირდეთ, ხოლო 112 დავტოვოთ სასწრაფო შემთხვევებისთვის” – ირაკლი ჩიქოვანი

“მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, საგანგებო მდგომარეობის საკითხებზე მხოლოდ 144-ს დაუკავშირდეთ, ხოლო 112 დავტოვოთ სასწრაფო შემთხვევებისთვის” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ცხელ ხაზზე – 144-ზე გუშინ 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა და იყო შეფერხება.

„144-ზე – ამ ერთ ნომერზე გუშინ 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა და შესაბამისად, ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხება, რომელიც იყო დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს არის განსაკუთრებულად მაღალი აქტივობა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამას. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა, ბოდიში მოვუხადო რაიმე ფორმის შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენს თანამოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლისებზე, რომლითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ.

აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები 144-ზე ვერ იღებენ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისინი მიმართავენ 112. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეების, მაშინ როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. კიდევ ერთხელ მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის ფუნქციონირებდა თავიდანვე.

არ გვინდა, უყურადღებოდ დაგვრჩეს არც ერთი შემთხვევა, რომელიც იქნება ყურადსაღები, როგორც ჩვენი მედიკოსებისთვის, ანუ რომელსაც 112 ემსახურება და ასევე პოლიციელებისთვის. კიდევ ერთხელ მოგმართავთ უმორჩილესად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობეში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოიყენოთ 144 ცხელი ხაზი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა,

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ შეზღუდვები არ არის მარტივად შესაგუებელი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არ არის მარტივად შესაგუებელი, მაგრამ ეს არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის აუცილებელი შეზღუდვები, ის აუცილებელი ზომები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ წარმატებულად გააგრძელოს ბრძოლა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. აქვე გეტყვით, რომ ამ ავტომობილების გადაადგილება ძალიან მკაცრად კონტროლდება შსს-ს მხრიდან. ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ჩვენი შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ იმისთვის, რომ ბოროტად არ ისარგებლონ ამ დაშვებით ადამიანებმა და თქვენ იცით, რომ შსს აქვეყნებს ყოველდღიურად ინფორმაციას და სტატისტიკას იმ დარღვევების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგანგებო მდგომარეობასთან და მისი პირობების დაცვასთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვნმა.

მსგავსი თემები