“ბიოლოგიური იარაღის შემოტანასთან გვაქვს საქმე” – ყირიმიდან აფხაზეთში სამხედრო ქვედანაყოფი შეიყვანეს

“დაინფიცირებულისთვის მთელი ქვედანაყოფი გადაისროლეს თუ სხვა სენთან გვაქვს საქმე? განგაში საერთაშორისო მასშტაბით უნდა ავტეხოთ” – ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და ყირიმიდან აფხაზეთში გადასროლილ სამხედრო ქვედანაყოფზე ისაუბრა.  

გამახარიას ინფორმაციით რუსეთიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აპრილს შემოყვანილი ქვედანაყოფის მიზნები გაურკვევლია, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, საჯარისო ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუდამოდ დარჩენის მიზნითაა შეყვანილი.

„ეს არის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი, როცა პირველად გაჩნდა ინფორმაცია მათი შეყვანის შესახებ, აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ეს ქვედანაყოფი არავის მიუწვევია ,თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთანხმებული იყო და დღემდე კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.

გუშინ კიდევ გაჟღერდა,რომ თითქოს სამხედრო სწავლებისთვის ჩამოვიდნენ. ჩემი ღრმა რწმენით ამ ქვედანაყოფის გადმოსროლა კავშირშია იმ დეზინფორმაციასთან, რომელსაც ავრცელებენ, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელები აწარმოებენ ბიოლოგიურ იარაღს, ეს ქვედანაყოფი იქიდან აღარ წავა. იმ დიდძალ შეიარაღებას, რაც აფხაზეთშია დაემატა ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი, ესენი რას მოიმოქმედებენ და რას გააკეთებენ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენ უნდა ავტეხოთ განგაში, საქმე გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს მიერ ბიოლოგიური იარაღის შემოტანასთან.

ინფორმირებული ამის შესახებ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ ამას დიდი არაფერი რეაგირება არ მოჰყოლია. ისინი გუდაუთის რაიონში არიან განთავსებულები და მათი შემდგომი მოქმედება შეიძლება ვივარაუდოთ მხოლოდ.“ – განაცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

გამახარიას ინფორმაციითვე არის საკმაოდ მასშტაბური ქვედანაყოფი, ჯავშანტრანსპორტიორებით და შეიარაღებით. მისივე ინფორმაციით ოფიციალურად გალში არის სამი შემთხვევა კორონავირუისის და ერთი გამოჯანმრთელდა, ამიტომ კორონავირუსის პრევენციისთვის მათი შემოყვანა, როგორც გამახარია აცხადებს რეალობასთან აცდენილია.

ჯემალ გამახარია არ გამორიცხავს, რომ დანაყოფის შემოყვანა კორონავირუსის განგებ გავრცელებასაც ემსახურებოდეს, რათა შემდეგ მათი სამუდამო დარჩენა მოხდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე.


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები