“კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი” – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო.

ტურძელაძის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.”

ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია. ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 აპარატზეა. სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ასეთი სახის გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან ბერვი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი ვერ დადგა კარგი. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის განმავლობაში“,- განაცახადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

მსგავსი თემები