თუ პაციენტების რაოდენობა 1200-1600-მდე გაიზარდა, მათ სრულყოფილად ვერ მოემსახურებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიოს.

“არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქალაქეს, რომელსაც კოვიდის რაიმე ნიშანი აღმოაჩნდა, ადეკვატური მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გარეშე დარჩენილიყო. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. დღეს თუ 400 პაციენტია, ამ დონით, რომელიც დღეს გვაქვს, სახელმწიფო 1 200 – დან 1 600-მდე პაციენტს უზრუნველყოფს. შემდგომში, ეს მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. შემდეგში შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების ის ტიპი, რომელიც არის ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად, პაციენტების სახლში დარჩენით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრეპარატ პლაქვენილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ 19-ის ეფექტურად სამკურნალო, პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს და ამ ფონზე, ეს პრეპარატი არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ არის მიჩნეული.

“ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ კოვიდის ეფექტურად სამკურნალო, პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს, არ არის ჯერ დამტკიცებული და მიმდინარეობს ძიება მთელ მსოფლიოში, დაახლოებით 15-16 მედიკამენტს ცდიან, მათ შორის ყველაზე იმედის მომცემია რენდესივირი, მაგრამ ის კვლევის პროცესშია და არც ერთი ქვეყნისთვის არ არის ხელმისაწვდომი. თან ჩნდება სულ ახალ ახალი მედიკამენტები.

ამ ფონზე, როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, პლაქვენილი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ. ჩვენ ასე ჩავთვალეთ თავის დროზე, სხვადასხვა ქვეყნის კვლევის შედეგები გავაანალიზეთ, გავაანალიზეთ მედიკამენტის მოქმედების მექანიზმები, თვითონ დაავადების პათოგენეზი და ჯერ კიდევ თებერვალში მივედით იმ დასკვნამდე, რომ არსებული რესურსიდან პლაქვენილი სხვებს ჯობდა და გავუწიეთ რეკომენდაცია, როგორც ერთ-ერთ ძირითად სამკურნალო საშუალებას“  – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები