„კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი“ – პრეზიდენტმა დეკრეტის ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ დღეს მიმართა. 

„ერთი თვის წინ მოგმართეთ და გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი. თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ ორ-სამ კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ.

შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს.

ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა, მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის. რეალურად, ამ ახალი ეტაპის დაძლევით ჩვენ შევქმნით წარმატებული და ეტაპობრივი გახსნის წინაპირობას. მინდა ყველას მადლობა გითხრათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და იმ თვითშეგნებისთვის, რაც ამ მძიმე პერიოდში გამოიჩინეთ. ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა, ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი სრულყოფილად დავიცვათ. კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ამ კრიზისის დასაწყისში გადამწყვეტი იყო ის, რომ არ დაგვიანებულიყო საჭირო ზომების მიღება. დღეს კი მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, რომ გონივრული, თანამიმდევრული ნაბიჯებით და ჩვენი ერთიანობით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები