“მარტში კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის საკმაოდ კარგი აქტივობა იყო” – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ მარტის თვესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებზე უარის თქმის ვადა ამოიწურა. თუმცა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სპეციალურ გვერდზე ინტერნეტში უარი თქვან აპრილისა და მაისის შეღავათებზე.

„მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით უარი თქვან აპრილისა და მაისის შეღავათებზე. მათ უნდა შეავსონ მინიმალურად აუცილებელი სამი ველი. პროგრამა მათ დაუდასტურებს, რომ მათი განაცხადი უარის თქმასთან დაკავშირებით არის მიღებული. ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვამდე მათ შეუძლიათ, თქვან უარი და შესაბამისად ამით დაზოგონ სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსი.

შეღავათებზე უარი 4 000-მდე აბონენტმა თქვა, თუმცა ჯამში სხვადასხვა სახის კომუნალურებზე უარის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ერთ აბონენტს ორ ან ზოგიერთ შემთხვევაში სამ კომუნალურ სერვისზე აქვს უარი გაცხადებული. აქედან გამომდინარე, აქტივობა საკმაოდ კარგი იყო“, – აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, დაზოგილი საბიუჯეტო რესურსები სახელმწიფოს შეუძლია, მიმართოს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად.

„საჭიროებები არის უამრავი და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ საქართველოს პირველ არხთან.

მსგავსი თემები