ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღდგომის დღესასწაულზე ხალხის შეკრების შემდგომ რისკებთან დაკავშირებით ისაუბრა.
თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, მომატებულია და ამისთვის ემზადებიან.
„ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, ორი კვირის წინ გატარებული სოციალური დისტანცირების ეფექტია, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ სულ მცირე ორკვირიან პერიოდზე ვსაუბრობთ, ინტერვენციას შედეგი ექნება ორი კვირის დაგვიანებით. დღეს, როდესაც ჩვენ გვქონდა თავშეყრა, მართალია, ზომიერად და წესების დაცვით, ამის შედეგები უნდა გვქონდეს დაახლოებით, 10 დღის, ორი კვირის შემდეგ.
ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირების ღონისძიების კიდევ უფრო გამკაცრება იმისთვის, რომ ის გადაცემა, რომელიც შესაძლოა, მოხდა, კიდევ უფრო არ გავრცელდეს. ამდენად, მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ახლა აქვს მნიშვნელობა სოციალურ იზოლაციას და დისტანცირებას იმისთვის, რომ თუ ადგილი ჰქონდა ინფექციის გავრცელებას, მისი შემდგომი გადაცემა საზოგადოებაში არ მოხდეს.
სწორედ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც აგვაცილებს თავიდან ეპიდემიის მასიურ გავრცელებას საზოგადოებაში. ამიტომ, მომდევნო ორი კვირა არის განსაკუთრებით კრიტიკული და სოციალური დისტანციის ზომები მაქსიმალური სიზუსტით უნდა დავიცვათ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.