დღეის მდგომარეობით სამშობლოში 6 747 ადამიანი დაბრუნდა

20 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება უცხოეთში მყოფ 9 058 მოქალაქეს გაეწია, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 6 747, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები