კნუტებს პირი აუხვიეს, პარკში ჩასვეს, თავი მოუკრეს და ბუნკერში გადაადგეს – საშინელი შემთხვევა გორში

ეს საშინელი შემთხვევა გორში დღეს გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კნუტების კნავილი გაიგო, ხმას მისდია და ნაგვის ბუნკერში საშინელი სურათი დახვდა – სასიკვდილოდ გამეტებული და განწირული კნიტები. როგორს თვითმხილველი „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, მას ნაგვის ბუნკერში თავდაყირა გადაკიდება მოუწია, იქიდან კნუტები რომ ამოეყვანა.

„გორში, გორგასალის ქუჩაზე, დილის 07:00 სთ-ზე, გავედი კორპუსის წინ პატარა ბაღჩაში. თან მიუსაფარ ძაღლებს საკვები ჩავუტანე. ამ დროს შემომესმა კნუტების უმწეო კნავილი. მივაყურადე ხმა საიდან მოდიოდა და ამ ხმამ ბუნკერამდე მიმიყვანა, თუმცა,  კნუტები არ ჩანდნენ. რადგან თითოეულ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა, აღარაფერს მოვერიდე და გადავეკიდე ბუნკერში, გადავქექე ნაგავი. კნუტები საკმაოდ ქვემოთ იყვნენ მოქცეულნი, პოლიეთილენის პარკში ჩაყრილი. სამი კნუტი, ჯერ ისევ არ ქონდათ თვალი ახელილი. ფაქტია, ვიღაც არაადამიანმა მეძუძურ დედას გამოაცალა და ნაგავში გადაუყარა. ვერ გადმოვცემ ის შეგრძნებას, რაც განვიცადე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, როგორმე სიცოცხლე შემენარჩუნებინა. სასწრაფოდ წამოვიყვანე სახლში, თბილ საფენში შევახვიე და გამათბობელთან დავსვი. საბედნიეროდ, სახლში მქონდა კნუტების რძის ფხვნილი. საწვეთურით, ე.წ. ,,პიპეტკით” შევეცადე, რომ ცოტა მაინც ეჭამათ. თუმცა, უდედოდ, დიდი ალბათობით, დაიხოცებოდნენ, რადგან რამდენიმე დღის იყვნენ. დახმარება ვითხოვე ჯგუფში ,,ჩემი გორი”, იქნებ მეძუძური კატა ვინმეს ჰყოლოდა. საბედნიეროდ, გამომეხმაურნენ მეძუძური კატების პატრონები, თამილა გიგაური და ლელა ჩუგუაშვილი (რომლებსაც მადლობა მინდა ვუთხრა). გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსპორტით გადაადგილებაზე ქალაქში შეღუდვები დაწესდა, ერთი ბოლოდან, მეორე ბოლოში გასვლა ფეხით მომიწია კნუტებით ხელში. საბედნიეროდ, დედა კატამ არ იუცხოვა და ძუძუც მოაწოვა… სამწუხაროდ, მსგავსი ვანდალური ფაქტები ხშირია“ – უყვება მედიაცენტრ მთავარს გოგონა, რომელმაც კნუტები იპოვა.

კნუტები სწორედ მან შეიფარა და ცდილობს, ფეხზე დააყენოს.

მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები