„ძალიან ბევრი პროკურორი ჩემი აღზრდილია“ – ქალი პროკურორობის კანდიდატი

ექსკლუზიური ინტერვიუ

ორი შალვა და ერთი ნინო – საპროკურორო საბჭო აღნიშნულ სამეულს შორის არჩევანს მომავალ  კვირას გააკეთებს. თუმცა, სამეულში  მოხვედრილი ერთადერთი ქალი კანდიდატი ნინო გოგნიაშვილი „მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს,  რომ,  მართალია პროკურატურის სისტემაში არასდროს უმუშავია, თუმცა დღეს მოქმედი არაერთი პროკურორი მისი აღზრდილია.

რის შეცვლას გეგმავს და როგორია მისი ხედვა სისტემის გაწმენდასთან დაკავშირებით? რა კითხვები აქვს და რას აპირებს ხორავას ქუჩაზე მოზრდილების მკვლელობის საქმის გამოძიებაზე? ამ და სხვა საკითხებზე მედიაცენტრი „მთავარი“ ნინო გოგნიაშვილს ესაუბრა.

ნინო გოგნიაშვილი: ჩემს კონკრეტულ ხედვებსა და პოზიციებს საპროკურორო საბჭოს წარვუდგენ. ბუნებრივია, არის გარკვეული ფაქტორები სისტემაში, რომელიც დასახვეწია და ეს საჭიროება რომ არ ყოფილიყო ის ცვლილებებიც არ დადგებოდა დღის წესრიგში, რაც დადგა. თუმცა, პროცესები დაკავშირებულია როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან, ისე მთელ რიგ სხვა საკითხებთან. ჩემი აზრით, აკადემიური და პრაქტიკული სფეროები, რომელიც მოწყვეტილია ერთმანეთისგან, მათი დაახლოებაც უნდა მოხდეს. ეს იქნება ჩემთვის ყევლაზე მეტად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. მოწყვეტილად არც ერთი სფერო არ უნდა იყოს. ჩემს მოსაზრებებსა და ხედვებშიც აქცენტები სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდება.

„მთავარი“:  შეგიძლიათ, 3 მთავარი გამოწვევა დამისახელოთ და თქვენი დამტკიცების შემთხვევაში  რა რადიკალური ღონისძიებების გატარებას აპირებთ?

ნ.გ: პირველი – სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია; კადრის შერჩევა; ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც მთელი რიგი ღონისძიებებია დასაგეგმი. როგორც იურისტი, ამ მიმართულებით კონკრეტულ პრობლემებს ვხედავ.

„მთავარი”: როგორ ფიქრობთ, სამეულში რის გამო მოხვდით – იმის გამო, ხომ არა, ერთი კანდიდატი ქალი რომ უნდა უნდა ყოფილიყო?

ნ.გ: ეს ყველაფერი საბჭომ გადაწყვიტა და მანამდე კი კომისიამ, რომელიც ამ მიმართულებით უნივერსიტეტში შეიქმნა.  სიაში სხვა ქალი კანდიდატებიც იყვნენ წარმოდგენილები. მე, უბრალოდ დიდი ხანია უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ, 2005 წლიდან აკადემიურ თანამდებობაზე ვარ, ჩემთვის მშობლიურია ეს უნივერსიტეტი და ჩემი მთელი ცხოვრების გზა, რაც გამივლია, უკავშირდება უნივერსიტეტს.  რაც შეეხება კრიტერიუმებს, რა დავაკმაყოფილე და რატომ ამირჩიეს, ეს სქესიდან გამომდინარე მოხდა თუ არა, ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ სქესის გამო მიეღოთ ეს გადაწყვეტილება.

ალბათ, ძირითადი იყო ის კრიტერიუმები, რომელიც დაკავშირებულია აკადემიურ მოღვაწეობასთან, პროფესიული კუთხითაც. .

„მთავარი“: თქვენ აქცენტს აკეთებთ  საკუთარ აკადემიურ მოღვაწეობასთან, უნივერსიტეტთან, თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარ პროკურორობაზე აცხადებთ პრეტენზიას. თან,  პროკურატურის სისტემაში არასდროს გიმუშავიათ…

ნ.გ: მართალია,  პროკურატურის სისტემაში არასდროს მიმუშავია, მაგრამ შეხება  მქონია საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან,   მათ აღზრდასთან  და ძალიან ბევრი პროკურორი ჩემი აღზრდილია. თუნდაც ის, რომ დღემდე  შსს-ს აკადემიაში ვარ. მქონდა და მაქვს პრაქტიკოსებთან შეხება ამ მიმართულებით და  მათ აღზრდას ვემსახურები.  ჩემი წვლილია იმაში, რომ შსს აკადემიაში გაკეთდა კრიმინალისტიკური ლაბორატორია. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პროკურორების სათანადოდ მომზადება მოხდეს. ალბათ, სწორედ ეს ფაქტორები იყო განმაპირობებელი იმისა, რომ აქცენტი ჩემზე გაკეთდა.

„მთავარი“: როგორ ფიქრობთ, სისტემაში  თქვენი გამოუცდელობა ნეგატივი ხომ არ იქნება?

ნ.გ: არა, ასე არ მგონია. გარედან ძალიან ბევრი პრობლემა ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს. არის ბევრი საკითხი, რომელიც სისტემის შიგნით მომუშავე პირებისთვის შესაძლებელია არ იყოს თვალსაჩინო.  გარედან  შესულმა კადრმა კი შესაძლებელია, გაცილებით უფრო სერიოზული ცვლილებები განახორციელოს და უფრო საინტერესო გახადოს სისტემა. ცვლილებები ალბათ აუცილებელია.

„მთავრი“: ერთ-ერთი  პრობლემა, რასაც არასამთავრობო სექტორი აყენებს, არის ის , რომ პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი. ხედავთ მსგავს პრობლემას და რამდენად შეძლებთ, იყოთ პრინციპული, რადიკალური და არ გაითვალისწინოთ მითითებები, რომელიც შესაძლოა გქონდეთ?

ნ.გ: მე შემიძლია გავაკეთო ის, რომ პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. არ მოხდეს ჩარევა და პროკურატურა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და ამას სჭირდება ქმედითი ღონისძიებების განხორციელება და დაცვა. ამისთვის მზად ვარ და ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, არასდროს ვყოფილვარ ზეგავლენის ქვეშ მოქცეული. ყოველთვის საკუთარი აზრი გამაჩნია. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ვერასდროს შევიცვლები.

„მთავარი“: ის მიზეზი, რამაც დღის წესრიგში დააყენა ცვლილებები პროკურატურაში – დავით სარალიძეს მკვლელობის საქმის გამოძიება, რას ფიქრობთ, რა პრობლემებს ხედავთ და როგორია თქვენი ხედვა?

ნ.გ: ჩემი მხრიდან, როგორც იურისტის მხრიდან არასერიოზული იქნება ამ თემაზე ვისაუბრო, რადგან საქმეს არ ვიცნობ. კითხვის ნიშნები ბუნებრივია მაქვს.   ამ კითხვებზე  რომ პასუხებია საჭირო, დაადასტურა საგამოძიებო კომისიის შექმნამაც. უბრალოდ, სამართლებრივი შეფასებების გაკეთება  და ვიღაცის ბრალეულობის გამოკვეთა ჩემი მხრიდან არასერიოზულია. ეს რომ გავაკეთო, საქმის მასალებს უნდა ვიცნობდე. გეტვით, რომ კითხვები არის, რომელსაც პასუხები სჭირდება.

„მთავარი“: თქვენი დამტკიცების შემთხვევაში, რა გეგმა გაქვთ ამ კონკრეტულ, დავით სარალიძეს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით?

ნ.გ: ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როცა გარკვეული პასუხები არ ჩანს და მოლოდინის რეჟიმი აქვს ძალიან ბევრს, ყველა საქმე გადასახედია, განსახორციელებელია ადეკვატური ღონისძიებები.  სხვა კონკრეტულზე საუბარი, რა ღონისძიებას გავატარებ ან როგორ  მოვიქცევი, ბუნებრივია, წინასწარ არ შემიძლია.

„მთავარი“: პროკურორობის კანდიდატებმა „მთავარში“ სტუმრობისას აღნიშნეს, რომ სისტემა გასაწმენდია. ეთანხმებით?

ნ.გ: გასაწმენდი, ასე ხელაღებით ვერ ვიტყოდი.  სისტემიდან ყველას გაწმენდა და გაყრა გადამეტებულია. იქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს. უბრალოდ, მიდგომებია შესაცვლელი. ასე ხელაღებით სისტემის გაწმენდა სწორი არ მგონია.

„მთავარი“: შეჯამებისთვის ერთსაც გკითხავთ, რატომ დათანხმდით შეთავაზებას?

ნ.გ: იმიტომ, რომ ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ის, რომ ღირსად ჩამთვალეს ჩემი კანდიდატურა წარედგინათ, იმდენად დიდი პატივი იყო, ყველანაირად ვეცდები ნდობა და პატივი გავამართლო. საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, რაც მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო.

ესაუბრა ეკა გულუა

მსგავსი თემები