კორონავირუსის ინფექციის სამართავად მობილიზებული კლინიკების ჩამონათვალი – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის მობილიზებული სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი დადგენილებით განსაზღვრა.

კლინიკების ჩამონათვალი დადგენილების ორი დანართით არის განსაზღვრული და მთლიანობაში 44 სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს.

ასევე დადგენილება განმარტავს, მომსახურებებს, რომელიც აღნიშნულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ, დანართების შესაბამისად.

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში უნდა განხორციელდეს COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის სრულად მობილიზება პირველი დანართის, მათ შორის არსებული პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში და ან მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა; ასევე COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, COVID-19 დადებით ორსულთა მართვა.

ამასთან, ინფექციის კონტროლის წესების სრულად დაცვით და ინფექციის ნოზოკომიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რიგ დაწესებულებებში, რომელიც დადგენილების მეორე დანართით არის განსაზღვრული კლინიკების საწოლფონდის სრულად მობილიზება უნდა მოხდეს ცხელების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მითითების შესაბამისად.

სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება კი მოიცავს დაწესებულებების მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვას; ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს  განსაზღვრულ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით; გარდა ამისა, დადგენილებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები.

გარდა ამისა, დადგენილებაში ნათქვამია, რომ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი –  ექიმი, ექთანი, სანიტარი, რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ კოვიდ-19-ის მართვისთვის განსაზღვრულ დაწესებულებებში. ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება კი, ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი.

ამასთან, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი აუცილებლობისას უფლება აქვს, მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება გათვალისწინებულ დაწესებულებებში მობილიზებასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზების შესახებ.

ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი, დადგენილების თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ევალება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება.

ასევე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დგინდება  ლიცენზიის, ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცემა უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია-ნებართვა, რომელიც ძალაში იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) სამართავად მობილიზებული კლინიკებია: (დანართი პირველი)

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“;

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;

შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“;

შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“;

ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“;

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ (ბავშვთა განყოფილება);

შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“;

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (50 საწოლი);

შპს-ლჯ და კომპანია-დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი;

შპს „მედალფა“ ბათუმის კლინიკა;

სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“;

სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“;

შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“;

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;

შპს “ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;

შპს „კლინიკა ბომონდი“;

შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“;

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი;

სს „გერმანული ჰოსპიტალი“;

სს „ჯერარსი“;

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი“;

შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“;

შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“;

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – კარაპს მედლაინი;

შპს „ვივამედი“;

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (სრულად დაცლა);

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი;

შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“.

მეორე დანართით კი, განსაზღვრულია შემდეგი კლინიკები:

შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“;

შპს „მედ ემერჯენსი“;

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ –  ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება;

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ფოთის ჰოსპიტალი;

შპს „არქიმედეს კლინიკა“;

შპს „გორმედი“;

შპს „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“;

სს „რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო“;

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“;

შპს „ახალციხის კლინიკა იმედი“;

შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“;

შპს „თელავის რაიონული საავადმყოფო“;

შპს „არქიმედეს კლინიკა“;

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“;

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“.

მსგავსი თემები