“რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან” – ვლადიმერ კონსტანტინიდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებებისგან და ძალისხმევა მიმართოს არა დეზინფორმაციის გავრცელებაზე, არამედ მთელი მსოფლიოსათვის საშიშ დაავადებასთან რეალურ ბრძოლაზე.

„ცენტრის წვლილი ნამდვილად ფასდაუდებელია და მისი 24-საათიან რეჟიმში მუშაობის გარეშე ჩვენ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში არა თუ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს, არამედ შესაძლოა, რეალურად კატასტროფულ ვითარებაში აღმოვჩენილიყავით.

ცენტრის ამ საქმიანობისა და როლის თაობაზე კარგადაა ცნობილია რუსეთშიც და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის პროვოკაციული განცხადებები. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა და მისი დამარცხება მხოლოდ ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი, რუსეთის მხარე კი, თანამშრომლობის ნაცვლად, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ამ საერთო ფრონტის წინა ხაზზე წარმატებით მოქმედ სტრუქტურას” – აღნიშნა კონსტანტინიდმა.

დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

მსგავსი თემები