„ხელი სპირტით დაიმუშავეს და სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი წაეკიდათ“ – დამწვრობის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ მედიკოსების რეკომენდაციები და ისეთ შეცდომებს ნუ დაუშვებენ, რაც მათთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდება.

როგორც ექიმი აცხადებს, არაერთი შემთხვევა მოხდა, როცა ადამიანებმა, დაზიანებები მიიღეს.    

„გვქონდა  შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა, „კორონავირუსისგან“ თავის დასაცავად  ხელები სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს, შემდეგ სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი გაუჩნდათ და მიიღეს დამწვრობა. ამას გარდა, არის შემთხვევები, როცა ადუღებულ წყალს სვამენ და ამ გზითაც იზიანებენ საკუთარ თავს. ნუ დალევთ ადუღებულ წყალს, შეიძლება ტუჩების ყელის და საყლაპავი მილის დამწვრობა გამოიწვიოს. რაც შეეხება ხელების სპირტით დამუშავებას, სიგარეტს მას მერე მოუკიდონ, როცა ხელები კარგად შეშრება“ – აცხადებს ქაშიბაძე.

ექიმი მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვას სთხოვს.

„ეს არის ომი.  ეს არ არის მხოლოდ ექიმების, ჟურნალისტების, ან მარტო პოლიტიკოსების ომი, ეს არის ყველას ომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველამ თავისი როლი შეასრულოს ამ ომში. „მტერი“ იმაზე ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია, ის ჩვენ გვერდითაა, მერე რა, რომ ვერ ვხედავთ,” – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მსგავსი თემები